ბლოგი

3 რამ, რაც სოციალურ მედიაში შეიცვალა
7 ნახვა

3 ᲠᲐᲛ, ᲠᲐᲪ ᲡᲝᲪᲘᲐᲚᲣᲠ ᲛᲔᲓᲘᲐᲨᲘ ᲨᲔᲘᲪᲕᲐᲚᲐ

სოციალურ მედიაში ცვლილებები ახალი ამბავი არ არის. პლატფორმები მუდმივად ამატებს ფუნქციებს, ცვლის ალგორითმებს და დროდადრო ყველას თავიდან გვასწავლის, როგორი კონტენტი „მუშაობს“. თუმცა ბოლო წლების რამდენიმე ცვლილება მორიგი განახლება აღარ არის. შეიცვალა ის, როგორ იქმნება კონტენტი, როგორ პოულობს მას აუდიტორია და რას ელის მომხმარებელი ბრენდისგან. ბიზნესისთვის ეს არ ნიშნავს, რომ ყოველი ახალი ფუნქცია დაუყოვნებლივ უნდა მოსინჯოს. ნიშნავს იმას, რომ სოციალური მედიის ძველი მიდგომები - ყოველთვიური პოსტების გეგმა, ზედმიწევნით გაპრიალებული ვიზუალები და რამდენიმე ზოგადი ჰეშთეგი - შედეგისთვის ხშირად საკმარისი აღარ არის.

რა შეიცვალა ყველაზე მეტად? სამი მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

1. ხელოვნური ინტელექტი სოციალური მედიის ყოველდღიურ ნაწილად იქცა

ხელოვნური ინტელექტი სოციალურ მედიაში მხოლოდ ტექსტის დასაწერი გარე ინსტრუმენტი აღარ არის. ის უკვე თავად პლატფორმების შიგნით მუშაობს - მონაწილეობს რეკომენდაციებში, რეკლამის ოპტიმიზაციაში, აუდიტორიის შერჩევაში, კონტენტის შექმნასა და დამუშავებაში. Meta ბიზნესებს AI-ზე დაფუძნებულ სარეკლამო და კრეატიულ ხელსაწყოებს სთავაზობს. TikTok AI-ს იყენებს კამპანიების მართვის, კრეატივის მასშტაბირებისა და საძიებო რეკლამის გასაუმჯობესებლად. ვიდეოპლატფორმებზე კი ხელოვნური ინტელექტით უკვე შესაძლებელია სუბტიტრების, თარგმანის, ვიზუალური ეფექტებისა და ვიდეოს ცალკეული ელემენტების შექმნა.

ეს პროცესს აჩქარებს, მაგრამ ერთ მნიშვნელოვან გაუგებრობასაც ქმნის - თუ კონტენტის შექმნა ყველასთვის გამარტივდა, თითქოს კარგი კონტენტის შექმნაც ავტომატურად მარტივი უნდა გამხდარიყო. რა თქმა უნდა, საქმე ასე მარტივად არაა. როდესაც ყველას შეუძლია რამდენიმე წამში შექმნას ტექსტი, ფოტო ან ვიდეო, მხოლოდ შექმნის უნარი კონკურენტული უპირატესობა აღარ არის. უფრო მნიშვნელოვანი ხდება იდეა, ბრენდის ხედვა, კონტექსტის ცოდნა და იმის გარჩევა, რისი გამოქვეყნება ღირს.

AI-ს შეუძლია:

  • დააჩქაროს კვლევა და იდეების პირველადი დამუშავება;
  • შექმნას ტექსტის ან ვიზუალის მონახაზი;
  • ერთი მასალა სხვადასხვა ფორმატად გარდაქმნას;
  • დაგეხმაროს სუბტიტრებში, თარგმანში და ვიდეოს დამუშავებაში;
  • სარეკლამო კამპანიის ტექნიკური ოპტიმიზაცია გაამარტივოს.

მაგრამ ის თავისით ვერ განსაზღვრავს, რა არის შენი ბრენდისთვის მნიშვნელოვანი, რომელი სათქმელი გამოხატავს მის ხასიათს და რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა სწორედ ის.

რას ნიშნავს ეს ბიზნესისთვის?

AI გამოიყენე როგორც სამუშაო ხელსაწყო და არა როგორც ბრენდის შემცვლელი. თუ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ პირველივე ტექსტს უცვლელად გამოაქვეყნებ, დიდი შანსია, ზუსტად ისე ჟღერდე, როგორც ათობით სხვა გვერდი. შედეგიანი გამოყენება იწყება იქ, სადაც ტექნოლოგიის სისწრაფეს ადამიანის ხედვა, გამოცდილება და რედაქტირება ემატება. AI დროს უნდა გიზოგავდეს, შემოქმედებითობა არ უნდა ჩაგინაცვლოს.

2. მოკლე ვიდეო დამატებითი ფორმატიდან მთავარ ენად იქცა

რამდენიმე წლის წინ მოკლე ვიდეო ერთ-ერთი შესაძლო ფორმატი იყო. დღეს Reels, TikTok და Shorts მომხმარებლის ყურადღებისთვის ბრძოლის ცენტრალურ სივრცედ იქცა. YouTube-ის ოფიციალური მონაცემებით, Shorts უკვე ყოველდღიურად ასობით მილიარდ ნახვას აგროვებს. ამის მიზეზი მხოლოდ ვიდეოს პოპულარობა არ არის. მოკლე ფორმატი სწრაფად გვაჩვენებს ადამიანს, პროდუქტს, პროცესს და შედეგს. რამდენიმე წამში შეუძლია დასვას კითხვა, შექმნას ინტერესი და მაყურებელს გაგრძელების სურვილი გაუჩინოს.

ბიზნესისთვის მოკლე ვიდეო განსაკუთრებით გამოსადეგია, რადგან მასში შესაძლებელია:

პროდუქტის მოქმედებაში ჩვენება;

  • რთული საკითხის მარტივად ახსნა;
  • ხშირად დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა;
  • სამუშაო პროცესისა და კულისების გაზიარება;
  • შედეგის „მანამდე და შემდეგ“ ფორმატში წარმოდგენა;
  • ბრენდის უკან მდგომი ადამიანების გაცნობა;
  • მომხმარებლის პრობლემის ან ნაცნობი სიტუაციის გათამაშება.

თუმცა მოკლე ვიდეოს დომინირება არ ნიშნავს, რომ ყველა ბიზნესმა ერთი და იგივე ტრენდი უნდა გაიმეოროს, კამერის წინ იცეკვოს ან ყოველდღიურად ვიდეო გადაიღოს. ფორმატი მოკლეა, მაგრამ მასში ჩადებული აზრიც მოკლე არ უნდა იყოს. კარგ ვიდეოს სჭირდება მკაფიო ჰუკი, ერთი ძირითადი სათქმელი და მიზეზი, რის გამოც ადამიანი ბოლომდე უყურებს. ძვირადღირებული კამერა ყოველთვის საჭირო არ არის. უფრო მნიშვნელოვანია, ვიდეო სწრაფად ამბობდეს იმას, რისთვისაც გრძელ შესავალს აღარავინ დაელოდება.

რას ნიშნავს ეს ბიზნესისთვის?

ვიდეო კონტენტგეგმაში ცალკე ექსპერიმენტად აღარ უნდა დარჩეს. დაფიქრდი, როგორ შეიძლება შენი უკვე არსებული ცოდნა, პროდუქტი ან პროცესი მოძრავ ფორმატად გარდაიქმნას. ერთი ბლოგი შეიძლება რამდენიმე მოკლე ვიდეოს თემად იქცეს; ერთი მომხმარებლის კითხვა - 30-წამიან განმარტებად; პროდუქტის ერთი უპირატესობა - რეალურ დემონსტრაციად. მთავარია, ვიდეოს გადაღება მხოლოდ იმიტომ არ დაიწყო, რომ „ახლა ვიდეო მუშაობს“. ჯერ განსაზღვრე, რას უნდა მიხვდეს, იგრძნოს ან გააკეთოს მაყურებელმა მისი ნახვის შემდეგ.

3. სოციალური ქსელები საძიებო და აღმოჩენის პლატფორმებად იქცა

ადრე მომხმარებელი პროდუქტს ან მომსახურებას საძიებო სისტემაში ეძებდა, სოციალურ ქსელში კი ძირითადად მეგობრების, ნაცნობებისა და უკვე გამოწერილი გვერდების კონტენტს ნახულობდა. დღეს ეს საზღვარი გაცილებით ბუნდოვანია. ადამიანები TikTok-ზე ეძებენ რესტორნებს, მოგზაურობის რჩევებს, პროდუქტების მიმოხილვებსა და პრაქტიკულ პასუხებს. Instagram-ზე ათვალიერებენ ადგილებს, სპეციალისტებს, ბრენდებსა და რეალური მომხმარებლების გამოცდილებას. YouTube-ზე კი ძიება ხშირად მოკლე ვიდეოთი იწყება და დეტალური განხილვით გრძელდება. შეგიმჩნევია, რომ სიტყვას ,,დაგუგლე” თითქმის აღარ ვიყენებთ?!

პლატფორმებიც ამ ქცევას მიჰყვება - აძლიერებს საძიებო ფუნქციებს, საკვანძო სიტყვების ამოცნობას, ლოკალურ აღმოჩენასა და საძიებო რეკლამას. შედეგად, სოციალური მედიის კონტენტი მხოლოდ გამოქვეყნების დღეს აღარ მუშაობს. სწორად ფორმულირებულ ვიდეოს ან პოსტს მომხმარებელი საჭიროების გაჩენისას მოგვიანებითაც შეიძლება შეხვდეს. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესკონტენტი უნდა პასუხობდეს არა მხოლოდ კითხვას - „რას ვაქვეყნებთ დღეს?“, არამედ კითხვასაც - „რას მოძებნის ჩვენი მომხმარებელი?“ თუ მომხმარებელი ეძებს „საუკეთესო ტორტი დაბადების დღისთვის“, „როგორ შევარჩიო კონდიციონერი“, „ინგლისურის კური დამწყებისთვის“ ან „რა ღირს ლოგოს შექმნა“, ამ კითხვებთან დაკავშირებული სიტყვები მხოლოდ ჰეშთეგებში არ უნდა დამალო. ისინი ბუნებრივად უნდა ჩანდეს ვიდეოს სათაურში, ეკრანზე, ტექსტში, აღწერასა და ნათქვამშიც.

რას ნიშნავს ეს ბიზნესისთვის?

კონტენტის დაგეგმვისას დაიწყე მომხმარებლის რეალური კითხვებით.

  • რას წერს საძიებო ველში?
  • როგორ აღწერს პრობლემას საკუთარი სიტყვებით?
  • რა უნდა იცოდეს შეძენამდე?
  • რას ადარებს ერთმანეთს?
  • რა აჩერებს გადაწყვეტილების მიღებისას? ამ კითხვებზე შექმნილი კონტენტი ერთდროულად ორი მიმართულებით მუშაობს - ეხმარება ადამიანს და ზრდის შანსს, რომ ძიებისას სწორედ შენ გიპოვოს. სოციალური SEO უბრალოდ ბევრი საკვანძო სიტყვის ჩამოყრა არ არის. მისი საფუძველი ზუსტი, გასაგები და რეალურად სასარგებლო პასუხია.

რა აერთიანებს ამ სამ ცვლილებას?

ერთი შეხედვით, AI, მოკლე ვიდეო და სოციალური ძიება სამი განსხვავებული თემაა. სინამდვილეში ისინი ერთი დიდი ცვლილების ნაწილია - კონტენტის შექმნა უფრო სწრაფი გახდა, მისი აღმოჩენის გზა - უფრო მრავალფეროვანი, მომხმარებლის ყურადღება კი - უფრო რთულად მოსაპოვებელი. ამ გარემოში ბიზნესს მეტი კონტენტი კი არა, უფრო გააზრებული სისტემა სჭირდება.

ხელოვნურმა ინტელექტმა წარმოება შეიძლება დააჩქაროს. მოკლე ვიდეომ შეიძლება უფრო ფართო აუდიტორიამდე მიგიყვანოს. საძიებო ქცევაზე მორგებულმა კონტენტმა კი შეიძლება შენი ბიზნესი მომხმარებელს საჭირო მომენტში აპოვნინოს. მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ იმუშავებს მკაფიო სათქმელის გარეშე.

რა უნდა შეცვალოს ბიზნესმა ახლა?

ყველა ახალი ხელსაწყოს ერთდროულად ათვისება საჭირო არ არის. დასაწყისისთვის საკმარისია:

  • გადახედო, რომელ განმეორებით პროცესს დაგიჩქარებს AI ისე, რომ ხარისხი და ბრენდის ხმა არ დაკარგო;
  • შეარჩიო ორი ან სამი თემა, რომლის მოკლე ვიდეოდ გადაქცევაც შეგიძლია;
  • ჩამოწერო ათი კითხვა, რომელსაც მომხმარებლები შენს პროდუქტზე ან მომსახურებაზე ყველაზე ხშირად სვამენ;
  • შექმნა კონტენტი, რომელიც ამ კითხვებს გასაგებად პასუხობს;
  • შედეგი მხოლოდ მოწონებებით არ შეაფასო. დააკვირდი შენახვებს, გაზიარებებს, ძიებიდან ნახვებს, შეტყობინებებსა და რეალურ მოთხოვნებსაც. სოციალური მედია შეიცვალა, მაგრამ ერთი რამ ისევ უცვლელია - ტექნოლოგია ყურადღების მოპოვებაში გეხმარება, ნდობას კი სათქმელის ხარისხი ქმნის. ამიტომ მთავარი კითხვა აღარ არის, იყენებ თუ არა AI-ს, იღებ თუ არა Reels-ს ან წერ თუ არა საკვანძო სიტყვებს აღწერაში. მთავარია, იცი თუ არა, რისი თქმა გინდა, ვისთვის ამბობ და რატომ უნდა იყოს ეს მისთვის მნიშვნელოვანი.
სოციალური მედიახელოვნური ინტელექტიAI მარკეტინგივიდეოებიReelsTikTokსოციალური SEOციფრული მარკეტინგიკონტენტ მარკეტინგიბიზნესის განვითარება

ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲐ